ძველი, 1965 წელს გამოცემული წიგნი ვფურცლეთ - ბერძნულ მითოლოგიაზე დაწერილი. წინა შეხვედრაზე ოდისევსის ხსენებამ მოგვანდომა სხვა გმირების თავგადასავლების გაგებაც, თუმცა, მხოლოდ ჰერაკლესა და იასონზე მოვასწარით ლაპარაკი, რადგან მეტი დრო ოლიმპოს მთაზე მცხოვრებ ღმერთებს დავუთმეთ - მეხთამტყორცნელ ზევსს, ზღვის ქაფიდან დაბადებულ აფროდიტეს, ზღვათა მბრძანებელ პოსეიდონს, ნადირობის ქალღმერთ არტემიდეს...
და, რა თქმა უნდა, დავუბრუნდით მატილდას, რომლის ცხოვრებაში ბიბლიოთეკარ მის ფელფსის გარდა, კიდევ ერთი კეთილი ადამიანი გამოჩნდა - მის ჰანი, ახალგაზრდა მასწავლებელი, სათნო და ლამაზი. საქმე ის გახლავთ რომ გოგონამ სკოლაში დაიწყო სიარული და პირველი მისვლისთანავე გააოცა ყველა - ჯერ არითმეტიკისა და შემდეგ, "სადიდო" ლიტერატურის ცოდნით.