გამგეობა

ზაზა ბიბილაშვილი

ზაზა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო იურისტი საქართველოში, რაც ასახულია ყველა საერთაშორისო იურიდიულ რეიტინგში, რომელიც იკვლევს კავკასიის რეგიონს.  როგორც პრაქტიკოსმა ადვოკატმა და წამყვანი იურიდიული ფირმის დამფუძნებელმა, ზაზამ დააგროვა მრავალმხრივი, მულტი-კულტურული მოლაპარაკებების წარმოებისა და მენეჯმენტის უნიკალური გამოცდილება. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ენმ დამარცხდა არჩევნებში, ზაზა შეუერთდა ყოფილ მმართველ პარტიას და გახდა მისი პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2016 წელს, ის იყო ერთ-ერთი ლიდერი პარტიის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და მალევე არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2018 წლის მაისში სრულად ჩამოშორდა პარტიულ საქმიანობას და მთლიანად გადაერთო „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე, ხოლო 2020 წლის 6 თებერვალს ოფიციალურად გადადგა თანამდებობიდან და დატოვა პარტია.

2005 წელს ზაზამ დააარსა BGI, წამყვანი იურიდიული და საკონსულტაციო ფირმა საქართველოში.  მანამდე, 2002-2005 წლებში, ის იყო Ernst & Young-ის იურიდიული პრაქტიკის დირექტორი, ხოლო 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა არტურ ანდერსენთან აფილირებულ GCG იურიდიულ ოფისს, ასევე წამყვან საკონსულტაციო კომპანიას იმ პერიოდში. კერძო პრაქტიკაში გადასვლამდე, ზაზა მუშაობდა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, ნიუ იორკში.

ზაზამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ამერიკის კანისიუს კოლეჯი (ცნობილი იეზუიტური სასწავლებელი), საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. ის იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავდაპირველ დამფუძნებელთა შორის, ხოლო 2009-2013 წლებში იყო ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.  ზაზა ასევე არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი და მისი ბორდის წევრი 2014-2017 წლებში.  სიფა-ს ფარგლებში, მისი ინიციატივით, საქართველოში პირველად დაიწყო Pro Bono საქმიანობის დანერგვა და პოპულარიზაცია.

ამჟამად ზაზა არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ბორდის წევრი.  ის ასევე გახლდათ ევროპის სავაჭრო პალატის არბიტრი და უმსახურია ICC-ის საარბიტრაჟო პანელების წევრად ლონდონსა და ვენაში, მსხვილ საერთაშორისო დავებში. სხვადასხვა დროს, ზაზა იყო ფოთის პორტის, თელიანი ველის, ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელ მეგობართა“ და საქართველოს ღვინის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ზაზა ბიბილაშვილი გახლავთ აქტიური პუბლიცისტი, მისი წერილები იბეჭდება წამყვან ქართულ ბეჭდვით და ონლაინ პუბლიკაციებში.

ზაზა არის საქართველოს ვაგნერის საზოგადოების დამფუძნებელი, რომელიც ახორციელებს ამ დიდ კომპოზიტორთან დაკავშირებულ საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობას.

1995 წელს, ზაზა დასახელდა Paul Harris Fellow-დ, რაც არის საერთაშორისო როტარი კლუბების უმაღლესი ჯილდო.

გარდა მშობლიური ქართულისა, ზაზა სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე - საბაზისო ფრანგულსა და ესპანურს.

 

 

ნინო კალანდაძე

2008-2012 წლებში იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სადაც კურირებდა ორმხრივ ურთიერთობებს 45 ევროპულ ქვეყანასთან. იყო საპარლამენტო მდივანი და სამინისტროს ოფიციალური სპიკერი. მისი თანამონაწილეობით შემუშავდა ე.წ. „შტაინმაიერის გეგმა“, - აფხაზეთის და სამაჩაბლოს სამოქალაქო ინტეგრაციის საერთაშორისო გეგმა. 2008 წელს ნინო ხელმძღვანელობდა საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებებს. ზედამხედველობდა საკონსულო და იურიდიულ დეპარტამენტებს.

2012-2013 წლებში ნინო მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მრჩევლად და საპარლამენტო მდივნად.

2004-2008 წლებში ნინო იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იკავებდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. იგი იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროსაბჭოში, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და შეწყალების კომისიის წევრი.

სამთავრობო საქმიანობამდე, იგი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადმინისტრაციული სამართლის ექსპერტი.

2013 წლიდან ნინო ჩართულია სამოქალაქო და აკადემიურ აქტივობებში. არის კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი და ლექტორი. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ფლობს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის უმაღლეს დიპლომატიურ რანგს.

ნინო არის მრავალი საპარლამენტო ინიციატივის ავტორი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სახელმძღვანელოს თანაავტორი. იგი ასევე არის ანალიტიკური ჟურნალის „ივერია.ბიზ“ დამფუზნებელი.

ნინო სწავლობდა გერმანიის მანჰაიმის უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკის ტაფტსის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში.

ნინო სრულფასოვნად ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

 

 

ეკა ტყეშელაშვილი

ეკა ტყეშელაშვილს ეკავა ვიცე-პრემიერის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. ამ პოზიციაზე ის უძღვებოდა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებს. მანამდე ეკა ტყეშელაშვილი იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეკა ტყეშელაშვილს ასევე ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობები. ის ასევე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ. ეკა იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ადრეულ პერიოდში ეკა ტყეშელაშვილს ასევე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, სადაც ძირითადად ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს მთავრობაში მოსვლამდე, ეკა ტყეშელაშვილი მუშაობდა IRIS საქართველოს ხელმძღვანელის მოადგილედ და უძღვებოდა კანონის უზენაესობის, სამათლებრივი დახმარებისა და ადამიანის უფლებათა პროგრამებს. იგი ასევე იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საველე თანამშრომელი და მუშაობდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შიდა იმპლემენტაციის პროგრამაზე. მანამდე იგი გადიოდა სტაჟირებასყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალის (ნიდერლანდები) პროკურორის ოფისში და ადამიანის უფლებათა დამცველების კომიტეტში (აშშ).

ეკა ტყეშელაშვილი ასევე მუშაობდა სამეცნიერო სფეროში ასოცირებულ პროფესორად; საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 

ეკა ტყეშელაშვილი ფლობს ნოტრ დამის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრის დიპლომს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს სამართალმცოდნეობაში.  

 

სანდრო ბიბილაშვილი

სანდრო ლიცენზირებული ადვოკატია ორ იურისდიქციაში - საქართველოსა და აშშ-ის ნიუ იორკის შტატში. 2002 წლიდან იგი ეწევა კერძო იურიდიულ პრაქტიკას წამყვან ქართულ და საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში და ფოკუსირდება დიდი საერთაშორისო და რეგიონულ პროექტებზე.  2014 წლიდან სანდრო არის BGI Legal-ის პატნიორი.  BGI არის წამყვანი იურიდიული ფირმა საქართველოში, რომელიც 2005 წლიდან ყოველწლიურად სახელდება, როგორც იურიდიული ბაზრის ლიდერი კომპანია ყველა კატეგორიაში, ყველა წამყვანი საერთაშორისო იურიდიული დირექტორიის მიერ, რომელიც ფარავს ამ რეგიონს.

2012 წელს სანდრომ მიიღო CEDR-ის საერთაშორისო აკრედიტაცია და ამავე პერიოდიდან არის სასამართლო მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.  სანდრო არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციის, საერთაშორის სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის - „ICC Georgia”-ს კომერციული სამართლის კომისიის თავჯდომარე. სანდრო ასევე გახლავთ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) გამგეობის წევრი.  2001 წელს, ვერმონტის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლის დროს, სანდრომ სტაჟირება გაიარა აშშ-ის კონგრესმენთან, ბერნი სანდერსთან.

სანდროს მიღებული აქვს იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (იურისტის დიპლომი, 2003 წ.), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (მაგისტრი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში, 2004 წ.) და დუკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (მაგისტრი, 2011 წ.). სანდროს არის „ედმუნდ მასკის“ სტიპენდიანტი, რომელიც არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამა.

 

ქეთი ქურდოვანიძე

ქეთი ქურდოვანიძე არის ჟურნალისტი, ფილოლოგი, მთარგმნელი, რედაქტორი და გამომცემელი.

1991-1992 წლებში ქეთი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მრჩეველი განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ხოლო 1992-1993 წლებში მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.  1990-1991 წლებში იყო გაზეთის „ლიტერატურა და სხვა“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1994-1996 წლებში იყო გაზეთ „თავისუფალი საქართველოს“ რედაქციის წევრი და კორესპონდენტი. 2003-­2006  წლებში ქეთი იყო გამომცემლობა „ლიტერას“ საბავშვო პროექტების ავტორი და რედაქტორი.

2009 წელს ქეთი იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სამინისტროს ფარგლებში შექმნილი ონლაინჟურნალ „დიასპორის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი და სამინისტროს მიერ განხორციელებული დიასპორის საკვირაო სკოლების სასწავლო  და საგანმანათლებლო პროექტების ავტორი.

2010 წელს ქეთი იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს „არქეოლოგური მართვის ცენტრის“ პროექტების ხელმძღვანელი, ასევე - სააგენტოს ფარგლებში შექმნილი ჟურნალის - „ონლაინარქეოლოგიის“ დამფუძნებელი და რედაქტორი. 2016-2017 წლებში ქეთი იყო ჟურნალების „ტერიტორეფი“ და „ბიზნესჯორჯიას“ მთავარი რედაქტორი.

ქეთიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და აქვე კინომცოდნეობის მეორეული ფაკულტეტი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის უცხოურ სამეცნიერო გამოცემათა მთავარი სპეციალისტი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის პროექტის „ადაპტირებული ქართული  და უცხოური კლასიკა“ ელექტრონული წიგნების ავტორი.