ცენტრალური ევროპის ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდმა და 4liberty.eu-ს ქსელმა გამოაქვეყნეს „სამოქალაქო სივრცის ანგარიში 2025/2026: უკუსვლასა და გარღვევას შორის“. ანგარიში ადარებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. შეფასებისას გამოყენებულია 20 საერთო სტანდარტი სამართლებრივი დაცვის, პოლიტიკური ზეწოლის, საზოგადოების ჩართულობისა და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიხედვით. ანგარიში აჩვენებს, რამდენად თავისუფლად მუშაობენ სამოქალაქო ორგანიზაციები არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაში.
შედეგები განსხვავებულია. პოლონეთსა და უნგრეთში დემოკრატიული აღდგენის ტენდენცია ჩანს, თუმცა პოლიტიკური გაუმჯობესება ჯერ ვერ გადაზრდილა მდგრად ინსტიტუციურ რეფორმებად. სლოვაკეთსა და ჩეხეთში პირობები უარესდება: ჩნდება მტრული რიტორიკა, დაფინანსებაზე ზეწოლა და უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების შეზღუდვის მცდელობები. საქართველოს შემთხვევა ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს ასახავს: კანონმდებლობა, ადმინისტრაციული ზეწოლა და რეპრესიები დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობას სულ უფრო ზღუდავს. უკრაინასა და მოლდოვაში, ომისა და გეოპოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოება მდგარდია, თუმცა ფინანსურად მოწყვლადია.
რეგიონის საერთო სისუსტე ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა უჭირს: კონსულტაციები და ხელისუფლების გამოხმაურება ყველაზე დაბალი ქულით შეფასებულ მიმართულებებს შორისაა. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებებს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა უფლებების ფორმალური გაუქმების გარეშეც შეუძლიათ, შერჩევითი დაფინანსებით, ადმინისტრაციული ზეწოლით, გადაწყვეტილებების მიღებიდან გამორიცხვით ან მტრული რიტორიკით. ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ ძლიერ ინსტიტუციურ გარანტიებს, პოლიტიკის შემუშავებაში ქმედით მონაწილეობას და მდგრად დამოუკიდებელ დაფინანსებას, ხოლო ევროკავშირის როლზე სამართლებრივი დაცვის, დაფინანსებისა და გაწევრიანების პირობების კუთხით მიუთითებენ.
[საქართველოს ანგარიში მომზადებულია ჭავჭავაძის ცენტრის მიერ]
სრული ანგარიში და საქართველოს ქვეყნის ანგარიში ხელმისაწვდომია ჩვენს ბიბლიოთეკაში.
https://www.chavchavadzecenter.ge/public/uploads/other/2026-11-10/5596.pdf
https://www.chavchavadzecenter.ge/public/uploads/other/2026-11-10/5597.pdf
