ილია ჭავჭავაძის ცენტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყო

ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, კერძოდ, გამართავენ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს; განახორციელებენ კვლევით და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს; ხელს შეუწყობენ მათ მიერ ორგანიზებულ პროგრამებსა და პროექტებში პროფესორების, ექსპერტებისა და სტუდენტების ჩართვას; მოამზადებენ ერთობლივ პუბლიკაციებს; მხარს დაუჭერენ თანამშრომლების პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას და ანალიტიკურ საქმიანობაში უნივერსიტეტისა და აკადემიის წარმომადგენლების ჩართვას;  ასევე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერთვებიან ერთობლივი სასწავლო პროგრამების და მასალების შემუშავების პროცესში.

„ვიმედოვნებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩვენი ცენტრის თანამშრომლობა მრავალმხრივ სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება, მათ შორის, სტუდენტების სტაჟირება-დასაქმებისა და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ილია ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა, ნინო კალანდაძემ. 

ილია ჭავჭავაძის ცენტრს თანამშრომლობის მემორანდუმები ასევე გაფორმებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კავკასიის უნივერსიტეტთან.